საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი-საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 317 სკოლაში სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ახალი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელშიც დაწყებითი საფეხურის კლასები განთავსდება. შენობა ერთსართულიანი იქნება და სულ 180 ბავშვზე იქნება გათვლილი. ახალი კორპუსი მწვანე საფარის სახურავით დაიხურება, რომელიც გულისხმობს ცოცხალ გამწვანებას, ხე-მცენარეებს და ბალახის საფარს.
პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები 15 სექტემბერს დასრულდება. ახალ სასწავლო წელს დაწყებითი კლასის მოსწავლეები ახალ შენობაში დაიწყებენ. სკოლაში აგრეთვე იგეგმება მცირე სპორტული დარბაზის რეაბილიტაციაც.
პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი-საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში თბილისში 108 სკოლა გაკეთდება. ამათგან 24 სკოლაში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, კეთდება 67 სპორტული დარბაზი, მათგან 5 დასრულებულია.