პროგრამა 2009 წელს სქართველოს პრეზიდენტის მიერ იყო ინიცირებული და მას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პროგრამის სრული სახელწოდებაა ”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში.” პროგრამაში მონაწილე მასწავლებლებს ხელფასი 1000 ლარი აქვთ (საათობრივი ანაზღაურების გარეშე). მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში და კახეთში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ასწავლიან.
ისინი ასწავლიან არა მარტო სკოლებში, არამედ ქმნიან არასასკოლო ჯგუფებს, კლუბებს, სადაც უფროსებს, მასწავლებლებს, მშობლებს შეეძლებათ ისწავლონ ქართული ენა. პროგრამა არის მასშტაბური და მრავალფეროვანი ყველა თემის ყველა მსურველს ექნება საშუალება ჩაეწეროს და მიიღოს მასში მონაწილეობა.
2009-2010 წლებში ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 1000-მდე პედაგოგმა გამოთქვა სურვილი მიეღო მონაწილეობა. სულ კონკურსის საფუძველზე ტესტირების და გასაუბრების გავლის შემდეგ შეირჩა 64 მონაწილე.
კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გადაამზადა, მათ ჩაუტარდათ ტრენინგები, სადაც სწავლობდნენ სწავლების მეთოდებს, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებს სასაუბრო დონეზე.