თბილისის 144-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს კოვიდ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირება უკვე მეხუთედ ჩაუტარდათ.
გეგმიური ტესტირება გაიარა სკოლის 50-მა თანამშრომელმა და მანდატურის სამსახურის ორმა წარმომადგენელმა.
აქამდე ჩატარებული ტესტირებების შედეგად, სკოლაში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჰიგიენური წესების მაქსიმალური დაცვის შედეგია. აღსანიშნავია, რომ ყველა სკოლა უზრუნველყოფილია კოვიდის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო სადეზინფექციო ხსნარებითა და ინვენტარით.
სავალდებულო ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, სკოლებში ორ კვირაში ერთხელ პრევენციის მიზნით ტარდება. სამინისტროს მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ბავშვებმა სემესტრი სასკოლო გარემოში უსაფრთხოდ დაასრულონ. სწორედ ამიტომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებენ. საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდით დისტანციურ სწავლებაზე ცალკეული კლასები ან მთლიანად სკოლა გადადის.