საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობის წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. განახლდა და გაძლიერდა პროგრამის ადგილობრივი საკონტაქტო პირების ქსელი მიმართულებების მიხედვით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში კი მოეწყო ევროპული სივრცეები, რომლებიც Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების მისიას შეასრულებენ.
მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ამჯერად აპოლონ ქუთათელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ეწვია, რესტავრირებული შენობა დაათვალიერა და რექტორ გიორგი გუგუშვილთან და აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში სამხატვრო აკადემიის ჩართულობის პერსპექტივები განიხილეს.
ნუნუ მიცკევიჩმა სახელოვნებო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელოვნების საშუალებით მეცნიერების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. გიორგი გუგუშვილმა ამ მიმართულებით სამინისტროს პროგრამაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოხატა, რაც სამეცნიერო თემაზე სხვადასხვა სახის ღონისძიების, მასტერკლასისა თუ კონკურსის ორგანიზებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ სამხატვრო აკადემია აქტიურად იყო ჩართული Horizon 2020-ის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებულ პროექტში „მეცნიერება კაპიტანია“. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნულ პროექტზეც ისაუბრეს და მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს.