საინფორმაციო კამპანიის პროექტის „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ფარგლებში მოხალისე ახალგაზრდები თავიანთ თანატოლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სრულ ინფორმაციას აწვდიან იმ შესაძლებლობებზე, რასაც მათ სახელმწიფო პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით სთავაზობს.
პროექტს სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), გაეროს ასოციაციასა და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრთან“ თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო და თავის გამოსვლაში იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ისაუბრა, რომელთაც სამინისტრო განათლების ყველა საფეხურზე სთავაზობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და ეხმარება მათ სახელმწიფო ენის შესწავლაში, პროფესიულ გადამზადებასა და სამოქალაქო ინტეგრაციაში.
პროექტის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრეს სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორმა (USAID/Georgia) ადამ შმიდტმა, „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარემ შალვა ტაბატაძემ და პროექტში მონაწილე მოხალისეებმა.
ღონისძიების ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის განმახორციელებელ ახალგაზრდა მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ.