პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესი დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წელს პირველად განახორციელა სერტიფიცირების პროცესი და ორასზე მეტი მონაწილიდან ორმოცი სპეციალისტი შეარჩია.
ხარისხის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გასულ წელს დაიწყო და მონაწილეთათვის შეფასების რამდენიმე რთული ეტაპის გადალახვასა და ტრენინგების ციკლს მოიცავდა.
კონცეფციის თანახმად, ავტორიზაციის ექსპერტობის მსურველმა პირმა ჯერ სწორედ ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული სპეციალისტის სტატუსი უნდა მოიპოვოს, რაც შესაბამისი უნარების განვითარებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების უზრუნველყოფის მექანიზმს წარმოადგენს.
სერტიფიცირების პროცესი ცენტრის მიერ ეტაპობრივად განხორციელდება. სერტიფიცირებულ სპეციალისტებს ელექტრონული სერტიფიკატები გადაეცემათ, რომელთა მოქმედების ვადა 5 წელია.
ხარისხის სპეციალისტთა პირველ ნაკადთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო. მან მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა მხარეს გაწეული სამუშაოსთვის და შერჩეულ კანდიდატებს საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.