უქმეების პარალელურად სკოლის მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია საქართველოს რეგიონებში ეტაპობრივად გრძელდება.
კოვიდინფიცირების თავიდან ასაცილებლად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაცია დღეს იმერეთისა და გურიის რეგიონების პედაგოგებს ჩაუტარდათ, რომლებიც არა მხოლოდ კოლეგებს, არამედ მოსწავლეთა მშობლებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებენ.
მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ ვაქცინაცია დღეს ერთადერთი საშუალებაა იმისათვის, რომ სკოლებში ვირუსით ინფიცირების რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდეს. შესაბამისად, ნაკლები იქნება სკოლებისა და კლასების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევები.
საგულისხმოა, რომ დასვენების დღეების მიუხედავად, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ინტენსიური ტესტირება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. ერთდროულად პედაგოგთა ვაქცინაცია და ტესტირება კი იძლევა გარანტიას, რომ მოსწავლეები სასწავლო წლის დასრულებას სკოლის შენობებში უსაფრთხოდ შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. აცრის მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე. თუმცა ყველა სკოლის ადმინისტრაცია მზადაა მსურველებს პორტალზე დარეგისტრირებაში დაეხმაროს.