დუშეთის რაოინის სოფელ მლეთაში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თოდუამ ადგილზე მოინახულეს.
სოფელ მლეთაში სკოლის მშენებლობა ივნისის თვეში დაიწყო, სკოლა ექსპლუატაციაში 31 აგვისტოს შევა. ადგილობრივი კლიმატის გათვალისწინებით სკოლა ხის მასალისგან შენდება, რაც საუკეთესო თერმოიზოლაციის საშუალებას იძლევა. ოთხმოც მოსწავლეზე გათვალისწინებულ თანამედროვე სტანდარტების სკოლაში ასევე იქნება კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი და კომპიუტერული კლასი.
,,რეფორმების ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტი სკოლების ინფრასტუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობაა. მოსწავლეს, მთლიანად საქართველოს მასშტაბით, სადაც არ უნდა სწავლობდეს ის, უნდა ჰქონდეს საშუალება სრულფასოვანი განათლება თანამედროვე და კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღოს. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს,,- განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ.
სოფელ მლეთაში ახალი სკოლის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ძველი, მე-19 საუკუნის სკოლის შენობა, ექსპლუატაციისთვის უვარგისი გახდა. მლეთაში მხოლოდ ერთი საჯარო სკოლაა და მას პატრონაჟს საქართველოს პირველი ლედი ქალბატონი სანდრა რულოვსი უწევს.
ამ დროისთვის მლეთის სკოლის გარდა საქართველოს მასშტაბით კიდევ ათი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორის ექვსი სკოლის მშენებლობას მსოფლიო ბანკი აფინანსებს. ასევე მიმდინარეობს სამასი სკოლის სრეაბილიტაციო სამუშაოები, სკოლების რებილიტაცია ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება.