ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ლოტბარისა და კომპოზიტორის ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედებისა და ღვაწლის პატივსაცემად, მისი სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლემ ლალი სეთურიძემ გახსნეს. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ანზორ ერქომაიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურის წინაშე. იგი იყო სახელოვანი მუსიკოსი და ლოტბარი, კომპოზიტორი, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებელი და გამომცემელი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, არაერთი თაობის აღმზრდელი. მისი ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“; ანზორ ერქომაიშვილს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია, დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.
დიდი ქართველი მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი მიმდინარე წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლოტბარი ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.