კიდევ ერთი ახალი პროექტი მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის – №5, №14 და №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობით გადამზადდებიან. პროექტის ფარგლებში 70-ზე მეტი მსჯავრდებული ორი თვის განმავლობაში ინფორმაციული წიგნიერების, კომუნიკაციისა და მართვის მოწმობის კურსის თეორიულ ნაწილს გაივლის.
№16 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი გაეცნენ. მინისტრის მოადგილეები სწავლების მონაწილეებს გაესაუბრნენ და პატიმრების მიერ დამზადებული ტყავისა და ხის ნივთები, აგრეთვე სამკერვალოში დამზადებული სხვა ნამუშევრები დაათვალიერეს.
პატიმართა გადამზადების პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. პროცესში მონაწილეობენ კოლეჯი „იბერია“, „იკაროსი“, „მოდუსი“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“. №16 დაწესებულებაში არსებული სასწავლო ოთახები კი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობითა და დახმარებით მოეწყო და აღიჭურვა.