ზესტაფონის პროფესიულ კოლეჯში „კონსტრუქტ2“ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კოლეჯის მიღწეული შედეგები შეაჯამებს და მისი განვითარების გზებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, იმერეთის გუბერნატორთან ზვიად შალამბერიძესთან, კომპანია „BK Construction“-ის დამფუძნებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად მიიღო.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა „კონსტრუქტ2“-ის როლი და მნიშვნელობა რეგიონისა და, ზოგადად, სამშენებლო დარგის განვითარებაში. პარტნიორებმა პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე სამშენებლო პროფესიების პოპულარიზაციაზე იმსჯელეს და სამომავლო პრიორიტეტებიც დასახეს.
სტუმრები პროფესიულ სტუდენტებს შეხვდნენ და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ. თანადამფუძნებლებმა და რეგიონის წარმომადგენლებმა კოლეჯის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და მის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს.
კოლეჯი „კონსტრუქტ2“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია m²-ის ერთობლივი წარმატებული პროექტია. კოლეჯი ახორციელებს როგორც საკვალიფიკაციო, ასევე მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებს. კოლეჯში სწავლება მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, ასევე, ანაზღაურებად სტაჟირებას. წარმატებულ კურსდამთავრებულებს m² და მისი შვილობილი კომპანია „BK Construction“ საკუთარ მშენებლობებზე ასაქმებს.