საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2021 წლის სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და შრომის ბაზრის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რამაც განათლების სისტემაში ახალი დღის წესრიგი შექმნა და გლობალურ შრომითი ბაზრის საჭიროებებთან დაახლოების აუცილებლობა გამოკვეთა. ამ მიზნით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის აქტიური მხარდაჭერით გადაფასდა კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მეთოდოლოგია და გადამზადების ახალი სისტემა შეიქმნა.
მიხეილ ჩხენკელი: „ხარისხიანი პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა აუცილებელია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად. ზრდასრული მოსახლეობის უნარ-ჩვევების განახლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ჩვენ დავიწყეთ გადამზადების ინტენსიური პროგრამები, რაშიც სამინისტრომ უდიდესი ძალისხმევა ჩადო. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ არაფორმალური განათლების სისტემის აღიარების მიმართულებით“.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021 წელს კერძო სექტორთან თანამშრომლობით სამინისტრომ დააარსა უნარების სააგენტო - “The Skills Agency of Georgia“. აღნიშნული სააგენტო ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად ახალი პროგრამების დანერგვას, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერას, კონკურენციის გაუმჯობესებას და უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს. გარდა ამისა, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან (WEF) თანამშრომლობა, “Closing the Skills Gap Accelerator in Georgia” ფარგლებში, მყარ საფუძველს შექმნის საჯარო და კერძო პარტნიორობის ინიციატივისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის.