საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა „მაშავის“ მხარდაჭერით, პროფესიულ კოლეჯში „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ინოვაციური პროექტი განხორციელდა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა სამეწარმეო და ტექნოლოგიური განათლების განვითარების ხელშეწყობასა და პროფესიულ სტუდენტებში შემოქმედებითი აზროვნების გაძლიერებას.
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას, სადაც სტუდენტებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი ესწრებოდნენ. თამარ ქიტიაშვილმა სამეწარმეო განათლების კუთხით ისრაელის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება პროფესიული სტუდენტების დიდ სამეწარმეო პოტენციალზე გაამახვილა, რაც, მისი თქმით, სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პროექტების ხარისხითაც დადასტურდა.
პროექტი პროფესიული სტუდენტების მიერ სამეწარმეო განათლების კონტექსტში სიმულაციური თამაშების შექმნასა და ჰაკათონის ორგანიზებას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების მიმართულებით ერთთვიანი ტრენინგი ჩატარდა. პროექტის მონაწილეები გადამზადდნენ MVP-ის (მინიმალური ღირებულების პროდუქტის) მარტივი ვებგვერდის შექმნაში, რომელთა შორის ჟიურიმ საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა. პროექტში სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისაგან შემდგარი ცხრა გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულ სტუდენტებს საჩუქრად ნოუთბუქები გადაეცათ.