საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში გერმანიის ჩართულობასთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის ჰუბერტ ქნირშის რეზიდენციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და კერძო სექტორის სხვადასხვა სექტორული ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, პანდემიის პერიოდში ჩვენი ქვეყნის პროფესიული განათლების მხარდასაჭერად გატარებული ღონისძიებები, შემდგომი ნაბიჯები და გერმანიასთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
თამარ ქიტიაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს გერმანიის მხარდაჭერით ჩვენი ქვეყნის პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და განსაკუთრებული ყურადღება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა. სწორედ GIZ-ის ხელშეწყობით დაინერგა საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში გერმანული სწავლების დუალური მოდელი, რომელიც დღეს წარმატებით ხორციელდება და ვითარდება.
ჰუბერტ ქნირშმა, თავის მხრივ, კვლავაც დაადასტურა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა და GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორთან, ჰანს-იურგენ კასენსთან ერთად, პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებსა და ახალ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა.