განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მე-200 სკოლას ეწვია და სასკოლო საზოგადოებას 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება პირადად მიულოცა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციასა და მშობლებს იმ ძალისხმევისათვის, რომელიც მათ მთელი წლის განმავლობაში გასწიეს.
სასწავლო წლის დასრულება სკოლის ეზოში საზეიმოდ აღინიშნა – გამოიფინა ბავშვების ნამუშევრები და სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. სკოლას წელს 5 კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთაც საბაზო საფეხური დაასრულეს. ერთ-ერთი მოსწავლე სწავლის გაგრძელებას პროფესიულ სასწავლებელში გეგმავს.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრომ სასკოლო საზოგადოების დიდი ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევით შეძლო ამ დიდი გამოწვევის დაძლევა, მოსწავლეები ბუნებრივ გარემოში დააბრუნა და მათთვის სკოლებში უსაფრთხო გარემო უზრუნველყო.
მინისტრის თქმით, ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მიმდინარე სემესტრი საკლასო ოთახებში დასრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ წერტილოვანი შეზღუდვებით, სკოლებში უსაფრთხოების კონტროლითა და მათი საჭირო რესურსებით აღჭურვის გზით სამინისტრომ ვირუსის შიდა გავრცელება თავიდან აიცილა და პროცესი წარმატებით მართა.
აღსანიშნავია, რომ მე-200 სკოლაში ამჟამად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 63 მოსწავლე სწავლობს.