საქართველოში პროფესიული განათლებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ამოქმედდება. ახალ პროგრამასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა და პროექტის სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.
5 წლიანი პროგრამა მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და დასაქმებას შორის კავშირის დამყარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებასა და მდგრადი ეკონომიკის განვითარებას. საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსის (IESC) მიერ კერძო სექტორთან თანამშრომლობით შემუშავებული პროგრამა დაეხმარება სტუდენტებს, პროფესიონალებსა და დასაქმების მაძიებლებს, განივითარონ დასაქმებისთვის საჭირო უნარები და გახდნენ მოთხოვნადი შრომის ბაზარზე.
თამარ ქიტიაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის, ხაზი გაუსვა ახალი პროგრამის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობაა ის აუცილებელი პირობა, რაც ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში.
მარიკა ოლსონმა, თავის მხრივ, განმარტა, რომ ხუთწლიანი პროგრამა, დასაქმების ხელშეწყობასთან ერთად, ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრის ჩართულობასა და კერძო/საჯარო ინვესტიციების მოზიდვას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის პროცესში. პროგრამის სამიზნე ჯგუფები მოიცავს სამუშაოს მაძიებლებს, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, მათ შორის, ქალებს, ახალგაზრდებს, სპეციალური საჭიროების მქონე პირებსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს.