პროფესიული უნარების სააგენტოს ეფექტიანი მართვისა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ გიორგი პერტაიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების რეფორმაში ჩართულ სპეციალისტებთან ერთად სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.
სამუშაო შეხვედრაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს სააგენტოს შექმნის მიზნების, მისი ფუნქციებისა და მართვის მოდელის შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეების მხრიდან დაისვა შეკითხვები, გაკეთდა შეფასებები და გამოითქვა რეკომენდაციები.
თამარ ქიტიაშვილის შეფასებით, საინტერესო დისკუსია გაიმართა პროფესიული განათლების სფეროს მართვის ახალ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით პროფესიული განათლების მართვას გულისხმობს და სადაც კერძო სექტორია დამკვეთი პროფესიული უნარების კუთხით. მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ უნარების სააგენტო წარმოადგენს ახალ პლატფორმას, რომელიც შეძლებს რეფორმის დანერგვა აიყვანოს მაღალ ნიშნულზე და მოკლე დროში უპასუხოს კერძო სექტორის მოთხოვნას ჩვენს ქვეყანაში.
პროფესიული უნარების სააგენტო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ერთობლივად დააფუძნეს და იგი ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დანერგვას, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერას, კონკურენციის გაუმჯობესებას და უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს. სააგენტო მყარ საფუძველს ქმნის საჯარო და კერძო პარტნიორობისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის ქვეყანაში.