უმაღლესი განათლების საფეხურზე სატყეო განათლების გაძლიერების მიზნით, განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა სატყეო განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, ამ მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი მოდერნიზებისა და განვითარების მიმართულებით განსახორციელებელი გეგმები დასახეს.
უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით სატყეო განათლების მიმართულებით პროფესიული პროგრამები არაერთ კოლეჯში დაინერგა და წარმატებით ხორციელდება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად განაახლებენ სატყეო განათლების სტრატეგიას, რომელიც როგორც პროფესიულ, ასევე უმაღლეს განათლებას მოიცავს.
თავის მხრივ, GIZ-ის წარმომადგენლებმა უმაღლესი სატყეო განათლების მხარდაჭერის მზაობა გამოთქვეს. მხარეებმა გაფართოებული სამუშაო შეხვედრები დაგეგმეს დასაქმების სექტორის წარმომადგენლებისა და იმ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ჩართულობით, სადაც სატყეო განათლების აკადემიური პროგრამები ხორციელდება.