ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი ახალ სასწავლო კორპუსში განთავსდა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი პროფესიული პროგრამების სრულფასოვნად განხორციელებისთვის. შენობაში ფუნქციონირებს თითოეული პროგრამისთვის განკუთვნილი ადაპტირებული აუდიტორიები, ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასები, საკონფერენციო და სამკითხველო დარბაზები, ტრენინგ-ცენტრი, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სამუშაო და დასასვენებელი სივრცეები. ცენტრში 11 ავტორიზებული პროფესიული პროგრამა ხორციელდება, რომელზეც 300-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
თანამედროვე სტანდარტების ახალი სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მოინახულა. მინისტრის მოადგილემ ცენტრის დირექტორთან მადონა მიქელაძესთან და სხვა წარმომადგენლებთან ერთად სასწავლო დაწესებულების განვითარების სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტების ახალმა სასწავლო კორპუსმა ფუნქციონირება 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო. კორპუსის მშენებლობა და აღჭურვა ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.