კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნა ცენტრის პირველი დირექტორის ილია აბულაძისა და აკადემიკოს ელენე მეტრეველის განახლებული მემორიალური კაბინეტები. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო და ცენტრის თანამშრომლებს იუბილე მიულოცა.
ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მართლაც არის ქვეყნის იდენტობის მაჩვენებელი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულების პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეზოში სამეცნიერო საფიხვნო მოეწყობა. აღნიშნული სივრცე მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდების შეკრების ადგილი იქნება, სადაც ღონისძიებები და მოსწავლეების ჩართულობით სხვადასხვა ტიპის აქტივობები გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ყველა მსურველისთვის ღიაა ახალი მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცე, სადაც დამთვალიერებელი გაეცნობა ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, ნიკო ბერძენიშვილის, შალვა ამირანაშვილისა და ისიდორე დოლიძის მემორიალურ ნივთებსა და მათ პირად წიგნად ფონდებს.
აღნიშნული სივრცეები, რომელთა რეაბილიტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, კონფერენციებს, სემინარებს და სხვა სამეცნიერო აქტივობებსაც დაეთმობა.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 1958 წლის 30 ივნისს პროფესორ ილია აბულაძის ინიციატივით დაარსდა. იგი უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში.