„შრომის უსაფრთხოების დესპანი“ – სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი პროექტი იწყება. პროექტში საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან. ისინი სამუშაო ადგილებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების პროცესში მონაწილეობას შრომის ინსპექტორებთან ერთად მიიღებენ. შერჩეული სტუდენტები ცნობიერების ამაღლების პროცესში ჩართვამდე სპეციალურ მომზადებას გაივლიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ მოაწერეს.
პროექტი „შრომის უსაფრთხოების დესპანი“ სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული ზოგადი და სექტორული რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.