საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სიტყვით წარდგა UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ გლობალური განათლების ონლაინ მინისტერიალზე, რომლის მთავარ მიზანს Covid-19-ის მასშტაბური კრიზისის ფონზე მსოფლიოში განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა წარმოადგენდა. მაღალი რანგის ფორუმის მონაწილეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების მიერ განათლების უწყვეტობისა და ტრანსფორმაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გაუზიარეს, როგორც პანდემიის მართვის, ასევე, ინკლუზიური, სამართლიანი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის კუთხით.
მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და მათ პანდემიის პერიოდში უწყვეტი განათლების უზრუნველყოფის კუთხით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა მინისტერიალის ორგანიზატორებს მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, რომელმაც უპრეცედენტო მასშტაბის კრიზისი შექმნა მთელს მსოფლიოში, მნიშვნელოვანია დავიცვათ ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტური უფლება – განათლების უფლება.
მიხეილ ჩხენკელი: „პანდემიის დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ განათლების სფეროში გამოწვევები კვლავაც არსებობს. მათ დასაძლევად მთავრობებმა უნდა გააძლიერონ მჭიდრო თანამშრომლობა და ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ. სწორედ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი პროგრესის მიღწევა და განათლების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა“.
მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) სრულად მოარგო ეროვნულ საჭიროებებს. შესაბამისად, 2030 წლის გლობალური დღის წესრიგი საქართველოს საშინაო პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიან სტრატეგიაზე მუშაობა. ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისათვის ახალი პოლიტიკის ხედვა სწორედ ხარისხის, სამართლიანობისა და კარგი მმართველობის პრინციპებს ემყარება.
მინისტრმა პანდემიის პერიოდში სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ წარმატებით მოახერხა ახალ რეალობასთან ადაპტაცია და განათლების სისტემის ონლაინ რეჟიმში გადატანა. ასევე, დაჩქარებულ რეჟიმში მოხდა სხვადასხვა მრავალფეროვანი ონლაინრესურსებისა და პლატფორმების ორგანიზება. განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველ არხთან თანამშრომლობით შექმნილი საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“.
მინისტრის თქმით, პანდემიის გარკვეულ ეტაპზე უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი ჰიბრიდული ფორმით გაგრძელდა, მოსწავლეები კი საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებმა სწავლის გაგრძელება კვლავ საკლასო ოთახებში შეძლონ, სადაც მათ უსაფრთხო სასწავლო გარემო დახვდებათ.
2021 წლის UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ გლობალური განათლების ონლაინ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, განათლების სფეროს ექსპერტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.