საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 21 სექტემბერს ბათუმი სამეცნიერო ღონისძიებას „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ უმასპინძლებს, რომლის მიზანს ახალგაზრდების, განსაკუთრებით მოსწავლეების საზღვაო მეცნიერებებით დაინტერესება წარმოადგენს.
მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, აჭარის რეგიონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილე უნივერსიტეტების, კვლევითი დაწესებულებებისა და ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა და უსაფრთხოდ და მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად, ღონისძიების შინაარსობრივი და საორგანიზაციო საკითხები ადგილზე განიხილა.
სანახაობრივი სამეცნიერო ღონისძიება პროექტის – „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში გაიმართება და მეცნიერებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან, მკვლევრებთან და ექსპერტებთან ერთად, ღონისძიებაში ჩაერთვებიან მიმდინარე სამეცნიერო კონკურსებში, მათ შორის, შავ ზღვასთან დაკავშირებული ესეებისა და ვიდეორგოლების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები.
ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ ისეთ აქტივობებში, რომლებიც შავ ზღვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებს მოიცავს. მათთვის დაგეგმილია ტრენინგები საზღვაო ნარჩენების მავნებლობის საკითხებზე, საზღვაო კვლევები, გემით ზღვაზე გასვლა, სასწავლო ვიდეო ფილმების ჩვენება, რეპორტაჟი ზღვის ფსკერიდან და ა.შ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ასევე შავი ზღვისა და სანაპირო ზოლის შესახებ უახლესი სამეცნიერო კვლევების შედეგები, ჩატარდება გამოფენები, პრეზენტაციები, ინტელექტუალური თამაშები, ექსპერიმენტები, ვორქშოპები, სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია და სხვა, რაც განსაკუთრებით უფროსკლასელებში საბუნებისმეტყველო საგნებითა და სამეცნიერო კვლევებით დაინტერესებას შეუწყობს ხელს.
სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელშეწყობით, სამეცნიერო სანახაობრივი ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ბულვარში გაიმართება და მასში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები და შესაბამისი უწყებები. კერძოდ, თსუ, ილიაუნი, სტუ, კავკასიის საერთაშორისო და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები, ასევე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.