სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შრომის უსაფრთხოების დესპანების გადამზადება დაიწყო. პროექტისთვის შერჩეული სტუდენტები სწავლებას ონლაინ რეჟიმში გადიან. მოსამზადებელი კურსის ფარგლებში, ისინი „იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით განსაზღვრულ ძირითად ასპექტებს ეცნობიან, იღებენ დეტალურ ინფორმაციას სექტორულ რეკომენდაციებზე. გადამზადების შემდეგ მოხალისეები სამუშაო ადგილებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების პროცესში შრომის ინსპექტორებთან ერთად ჩაერთვებიან.
ტრენინგების დაწყებამდე პროექტის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ მიმართეს.
მოხალისეობრივი პროექტი სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული ზოგადი და სექტორული რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. შრომის უსაფრთხოების დესპანისთვის მონაწილეები საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებიდან შეირჩნენ.