საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების მიმდინარეობას თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში გაეცნო. ეკატერინე დგებუაძემ პედაგოგებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თითოეული მათგანი გამოცდას წარმატებით დაძლევს, რაც მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.
2021 წელს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურება შემდეგ საგნებში შეუძლიათ: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, უცხოური ენები, ესთეტიკური აღზრდა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. 14-16 ივლისს პრაქტიკოს მასწავლებლებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, კომპეტენცია დაედასტურებინათ პროფესიულ უნარებში.
ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც იმ პირებისთვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ არაქართულენოვან სკოლებში ან სექტორებზე.
საგამოცდო პროცესს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები 14 ივლისიდან შეუერთდნენ. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. მათგან 2 800-მდე მსურველი დარეგისტრირდა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, რომელიც წელს პირველად ტარდება.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის გამოსაცდელები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კოვიდ-19-ის დიაგნოზი დაუდასტურდებათ. აღნიშნული სიახლე მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებსაც შეეხებათ. საგამოცდო პერიოდის დასრულებამდე მათთვის დამატებით შესაბამისი საგნის ერთი საგამოცდო სესია განისაზღვრება. ცენტრი უფლებამოსილია დამატებით სესიაზე მოიწვიოს გამოსაცდელები, ინფიცირებიდან არანაკლებ 14 დღის გასვლის შემდეგ. ამასთან, დამატებითი სესია თითო საგანში მხოლოდ ერთხელ გაიმართება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ამ საგამოცდო სესიის მონაწილეთა განსაზღვრა მოხდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ცენტრებში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაცია. ცენტრები სრულად არის აღჭურვილი კონდიცირების სისტემით და უზრუნველყოფილია სპეციალური სივრცეები იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც ადგილზე აღენიშნებათ ტემპერატურა.