ბრიტანეთის საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს პროექტს „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“.
დაიწყო პროექტში მონაწილეობით დაინტერესებული ინგლისური ენის მასწავლებლების განცხადებების მიღება, რომელიც 2021 წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.
პროექტში მონაწილე მასწავლებელთა რეგისტრაციას ონლაინ პლატფორმაზე Future English Online Teacher Community და მათთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზებას ბრიტანეთის საბჭო 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო განაცხადის ბმული განთავსებულია ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე: https://bit.ly/otcforteachers
ბრიტანეთის საბჭო პარტნიორებთან ერთად პილოტირებას გაუწევს ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების შექმნას და უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის ახალ სისტემებს ქართულ რეალობაში გამოცდის. შედეგად, შესაძლებელი გახდება „e-განათლების სახლის“ ერთიანი ეროვნული პლატფორმის შექმნა ყველა საგნობრივი პედაგოგისათვის.
პარტნიორული პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მოხდა მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების ფასილიტატორების შერჩევა. ამჟამად პროექტში ჩართულია 130 ფასილიტატორი.