საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე წელიწადში ქუთაისში ჩამოყალიბდება განათლებისა და მეცნიერების რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან.
მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან, ასევე, ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამების შექმნის პოლიტიკას და სტუდენტების მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
რაც შეეხება უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედ აკადემიურ პროგრამებს, ისინი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. არსებული მიდგომა შენარჩუნდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეტაპობრივად შეიქმნება აკადემიური პროგრამები უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისათვის კონკრეტულ სფეროში ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ქართველებთან ერთად ჩართული არიან ცნობილი უცხოელი პროფესორებიც, რომელთა რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება. შედეგად, ქუთაისში ჩამოყალიბდება განათლებისა და მეცნიერების რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან.
მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრი დაარსდება, რომელიც ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთა დამზადება ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. მკურნალობა შესაძლებელი იქნება ულტრათანამედროვე მეთოდით – პროტონული თერაპიით – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, რომელიც ებრძვის მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს, ხოლო ჯანსაღი უჯრედები უვნებელი რჩება. მეორე ციკლოტრონი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. აღნიშნულ კვლევებს ქართველ მეცნიერებთან ერთად ცნობილი უცხოელი მეცნიერები განახორციელებენ. პირადად შევხვდი მსოფლიოს წამყვან მკვლევრებს ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით. მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ქუთაისში. შესაბამისად, ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო კერა.