საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მარნეულს ეწვია და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პედაგოგებთან და ბენეფიციარებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი და ექიმი-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ესწრებოდნენ, მხარეებმა ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით ვაქცინაციის მნიშვნელობა განიხილეს.
ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი იარაღი სწორედ ვაქცინაციაა, რაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. მინისტრის მოადგილის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს, რათა სასწავლო წლის დაწყებამდე ამ პროცესში განათლების სისტემაში დასაქმებული ყველა პირი ჩაერთოს.