ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 ახალი საჯარო სკოლა საუკუნოვანი და ისტორიული მნიშვნელობის ძველი სკოლის ბაზაზე აშენდა - 1916 წელს, ზუგდიდის მაზრაში ის პირველი ქართულენოვანი სკოლა იყო.
თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლა სრულად ადაპტირებულია და სრულად აღჭურვილია ახალი ინვენტარით. სკოლაში განთავსებულია 8 საკლასო ოთახი, 1 კლას-ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, სასადილო ოთახი, სამედიცინო ოთახი და სამასწავლებლო. სკოლას ექნება ასევე თანამედროვე სტანდარტის ღია სტადიონი.
სოფელ ხაბუმეს ახალი სკოლა როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი. ამ ეტაპზე სკოლაში 45 მოსწავლე სწავლობს.
სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა და მისი ღირებულება 1 214 000 ლარს შეადგენს.
მცირეკონტინგენტიანი სკოლებისადმი სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უმნიშვნელოვანესია, რადგან სკოლა არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ სოფლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია.