საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფილიპინების რესპუბლიკის ელჩთან, მარია ელენა ალ-გაბრესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა და მასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება საქართველოსა და ფილიპინებს შორის. მემორანდუმის ფარგლებში, ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის და მეცნიერ-თანამშრომლებისთვის.
მხარეებმა ერთმანეთს პანდემიის დროს თავიანთ ქვეყნებში გატარებული ღონისძიებები გააცნეს, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვა და ამ გზით ვირუსის გავრცელების პრევენცია.
მიხეილ ჩხენკელმა ახლადდანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.