ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორი მარკ ელიოტი: „ჰარვარდი ამაყობს და სიხარულით უღებს კარს ამ მნიშვნელოვან პროგრამას. ქართული ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ის გონებათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იმყოფება. ჩვენთვის პრივილეგიაა ჰარვარდში საქართველოს შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვა, რაც ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩამოსვლის შესაძლებლობას მისცემს. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ჰარვარდის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებსაც შეეძლებათ საქართველოს შესახებ ინფორმაციას გაეცნონ, იმოგზაურონ და საკუთარი თვალით ნახონ ეს ქვეყანა.
მე პირადად მოუთმენლად ველი საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას. საქართველოდან სტუდენტები მყოლია, მაგრამ აქამდე არ გამიმართლა და თქვენს ქვეყანაში დღემდე არ ვყოფილვარ.
ეს ისტორიული დღეა. თავად ჰარვარდისთვის არის დიდი დღე და მიხარია, რომ ჰარვარდი ერთვება ამ შესანიშნავ საქმეში. ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ეს არის ერთადერთი პროგრამაა ქართველოლოგიის მიმართულებით.“
აღნიშნულის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მარკ ელიოტმა ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიებაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 2022 წლის თებერვლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან.