„ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ჩაეყარა საფუძველი. ეს იქნება ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული ქართველოლოგიის პირველი ცენტრი. ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, მე თუ მკითხავთ, – ამის შესახებ დევისის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა ვარკრუმ, ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
„კავკასიისა და საქართველოს მნიშვნელობა, ამ ცივილიზაციათა გაცნობა ამერიკელებისთვის აუცილებელია, რათა კარგად გააცნობიერონ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო არა მარტო კულტურის სფეროში, არამედ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში“, - აღნიშნა დევისის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 2022 წლის თებერვლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. იგი ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს.