პროფესიულ სასწავლებლებს მიეცათ უფლებამოსილება, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი მთლიანად არადისტანციურ რეჟიმში წარმართონ. პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, კოლეჯები პროფესიულ სტუდენტებს შერეულ სწავლებას სთავაზობენ. პროფესიული სასწავლებლები სწავლების გარკვეულ კომპონენტებს დისტანციურ რეჟიმში ახორციელებენ, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს უსაფრთხო სასწავლო გარემოს შენარჩუნებას. გარდა ამისა, შენობებში სტუდენტთა მობილობის შემცირების მიზნით, კოლეჯებმა შეიმუშავეს ე.წ. „შეჭრილი“ სასწავლო გრაფიკი, რათა არ მოხდეს შენობაში ერთდროულად დიდი რაოდენობის სტუდენტების თავმოყრა.
4 ოქტომბრიდან განახლდა პრაქტიკული სწავლების კომპონენტი პარტნიორ ორგანიზაციებში და რეალურ სამუშაო გარემოშიც, მათ შორის, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სხვადასხვა ტიპის პროგრამებზე.
აუდიტორიებში განახლებული სასწავლო პროცესის შეფასების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს ესტუმრა, სასწავლო პროცესს პირადად გაეცნო და კოლეჯის ადმინისტრაციასა და პროფესიულ სტუდენტებს საგანმანათლებლო სივრცეში დაბრუნება მიულოცა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, პროფესიულ სასწავლებელში სრულად არის დაცული COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და სწავლებისთვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს მასშტაბით ყველა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს აძლევს არჩევანის შესაძლებლობას, დარჩნენ დისტანციურ ფორმატში ან დასწრებული ფორმით გააგრძელონ სწავლა. რაც შეეხება პრაქტიკული სწავლების კომპონენტს, ის ყველა დაწესებულებაში დასწრებული ფორმით გაგრძელდება.