საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტებს აგრარული მიმართულებით ორმაგი, ქართულ-ფრანგული დიპლომის აღების შესაძლებლობა ექნებათ, რაც უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას გაზრდის და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით საქართველოს მსოფლიო დონეზე სასწავლო და სამეცნიერო სფეროში წარმოაჩენს.
ორდიპლომიანი სამაგისტრო პროგრამის „მევენახეობა და ენოლოგია“ დასანერგად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და ფრანგული უნივერსიტეტის, სუპაგრო მონპელიეს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ესწრებოდა.
მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მეღვინეობა-მევენახეობის სფეროში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ორმაგი ხარისხის დიპლომი, რომელიც აღიარებულია ევროპული საგანმანათლებლო სივრცის მიერ და გახდნენ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზარზე. ნუნუ მიცკევიჩის თქმით, აღნიშნული პარტნიორობა პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებსაც მისცემს შესაძლებლობას, ითანამშრომლონ ფრანგ კოლეგებთან, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ტრადიციული მეღვინეობა-მევენახეობის სკოლას საერთაშორისო სივრცეში:
„ჩვენი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით კვლევები ინტენსიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, ორმაგი ხარისხის პროგრამები ჩვენს ახლგაზრდებს მოამზადებს ევროპული სტანდარტებით და სხვა მასშტაბზე გაიყვანს. ეს იქნება კიდევ ერთი დასტური საქართველოსა და საფრანგეთის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ნდობის გაღრმავებისა. დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა ჩვენი მეცნიერების პუბლიკაციებსა და ერთობლივ შრომებს საერთაშორისო მასშტაბით კიდევ უფრო მეტ სანდოობასა და აღიარებას შესძენს“ - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტი იმ EmavE კონსორციუმს შეუერთდება, რომლის შემადგენლობაშიც საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, პორტუგალიის, შვეიცარიისა და სხვა მევენახეობის ქვეყნები შედიან.
სამაგისტრო პროგრამაზე ერთი წლის სწავლის შემდეგ, სტუდენტები მეორე წელს კონსორციუმის წევრ რომელიმე უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას, რომლის დასრულების შემდეგ ორმაგ დიპლომს მიიღებენ.
ხელმოწერის ცერემონიას ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კალასი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საფრანგეთის სუპაგრო მონპელიეს უნივერსიტეტს უკვე სამწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. სტუ-ს სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ მონპელიეს უნივერსიტეტში განაგრძონ სწავლა.