სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, გარკვეული კატეგორიის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალურ პროგრამას. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის სრულ დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად. პროგრამის სრული ბიუჯეტი 205000 ლარს შეადგენს.
სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ელექტრონულ პორტალზე socreg.mes.gov.ge.
რეგისტრაცია დაიწყო 2021 წლის 18 ოქტომბერს და გაგრძელდება 2021 წლის 1 ნოემბრის 18:00 საათამდე.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვება შეუძლიათ 3კატეგორიის სტუდენტებს. კერძოდ:
● საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა შვილები, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
● შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
● სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 ან ნაკლები).