სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, პროფესიული განათლების მიმართულებით ჩართულ ბიზნეს სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაგდა ბოლოთაშვილმა გახსნეს.
მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის როლზე და ამ მიმართულებით ახალ ეტაპზე გადასვლის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნდობა და პარტნიორობის მზაობა საჯარო და კერძო სექტორს შორის. „მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საჭიროების ანალიზიდან სტუდენტის საბოლოო სეტიფიცირებამდე იყოს ჩართული. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც კერძო სექტორს პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავებასა და რეფორმის განხორციელებაში თანასწორი პარტნიორობის შესაძლებლობას მისცემს,“ – აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.
პროფესიული პროგრამების განხორციელებაში ჩართულმა კერძო კომპანიებმა შეხვედრის მონაწილეებს თავიანთი საქმიანობის შედეგები და წარმატებული მაგალითები გააცნეს.
ღონისძიება გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) პროექტის ფარგლებში გაიმართა და მასში კერძო სექტორის ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა: შპს „მიდეა“, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, ნატალი აკადემია, თეგეტა აკადემია, კონსტრუქტ 2.