საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ალექსეი შკურატოვს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის ფარგლებში ესტუმრა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის განათლების სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის 2017 წელს ხელმოწერილი განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში გააქტიურებული თანამშრომლობით; ასევე, იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალურად მალე მომზადდება და ხელი მოეწერება ახალ ხელშეკრულებას უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ჩარჩო პროგრამაზე Horizon Europe და მასში საქართველოს და უკრაინის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზე.