საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა იტალიური ენის 21-ე მსოფლიო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის წარმატებით ჩატარება მიულოცა და საქართველოსა და იტალიას შორის განათლების სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იტალიური ენის სწავლების გაძლიერებასა და სახელმძღვანელოების განახლებაში იტალიის საელჩოს როლსა და მნიშვნელობას, ასევე იტალიელი ექსპერტების ჩართულობას პროფესიული განათლების განვითარებაში.
მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო საქართველოსა და იტალიის თანამშრომლობას უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით და აღნიშნა, რომ იტალიური და ქართული უნივერსიტეტები არაერთ ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ, რომელთა დასრულების შემდეგ სტუდენტებს ორმაგი ხარისხი ენიჭება, ასევე განათლების საერთაშორისო ცენტრი იტალიის რექტორთა საბჭოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სასტიპენდიო პროგრამებს აცხადებს და ახალგაზრდებს იტალიურ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი იტალიის ეროვნული კვლევების საბჭოსთან თანამშრომლობით ერთობლივ საგრანტო კონკურსებს აცხადებს, რაც ქართველ და იტალიელ მეცნიერებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას ქმნის.
დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაცია ცნობილი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული დანტე ალიგიერის პორტრეტით, რომელიც საქართველოს ფოსტამ გამოსცა; ასევე გაიმართა დანტე ალიგიერის „ახალი ცხოვრების“ ორენოვანი ქართულ-იტალიური საიუბილეო გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც იტალიის საელჩოს ხელშეწყობითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიქმნა.
იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია „დანტეს შემოქმედება, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური“ ჩატარდა, რომლის ორგანიზატორები არიან დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი და თსუ-ს რომანული ფილოლოგიის კათედრა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ქეთევან დუმბაძემ და საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, იტალიური ენის 21-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება (სამეცნიერო კონფერენცია, ფილმის ჩვენება ცოცხალი მუსიკის თანხლებით, საბალეტო სპექტაკლი და სხვ.). კვირეული წელს დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავს მიეძღვნა.
იტალიური ენის მსოფლიო კვირეული ყოველწლიურად აღინიშნება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით. ამ ინიციატივას, რომლის მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა, დასაბამი 2001 წელს, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა.