შავი ზღვის სტრატეგიული კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის (SRIA) იმპლემენტაციის მხარდამჭერი საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის მხარდამჭერი ინიციატივები, დღის წესრიგის იმპლემენტაციის საკითხები და მომავალი წლის გეგმები ლურჯი ეკონომიკისა და შავი ზღვის განვითარების მიმართულებით.
მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლიდან საქართველო ევროკომისიასთან ერთად გახდება საკოორდინაციო ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა. შემდგომი საქმიანობის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიზნით შეიქმნება ეროვნული სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს საქართველოს თანათავმჯდომარეობის ფარგლებში გათვალისწინებულ საკითხებს.
საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, Horizon Europe-ის ეროვნული ოფისისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ევროკომისიამ წამოაყენა და მხარი დაუჭირა ერთობლივი კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის შემუშავების ინიციატივას, რომლითაც ეროვნულ და ევროკავშირის დონეებზე პოლიტიკის შემმუშავებლები იხელმძღვანელებდნენ. შემუშავდა „ბურგასის ხედვის დოკუმენტი“ – 2030 წლისთვის პროდუქტიული, ჯანსაღი, სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი და უფრო ღირებული შავი ზღვის შესახებ საერთო ხედვის ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდა.
შავი ზღვის სტრატეგიული კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგი (SRIA) ეფუძნება „ბურგასის ხედვის დოკუმენტით“ იდენტიფიცირებულ საერთო ხედვასა და გამოწვევებს. ინიციატივის ფარგლებში იდენტიფიცირებულია 4 ძირითადი გამოწვევა, რომლებთან დაკავშირებითაც შესაძლოა შემუშავდეს მთელი რიგი კვლევითი და ინოვაციური ღონისძიებები: შავი ზღვის ფუნდამენტური კვლევის გამოწვევებზე რეაგირება – „შავი ზღვის ცოდნის ხიდი“; შავი ზღვის ლურჯი ზრდისთვის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების შემუშავება და კლასტერების ჩამოყალიბება – შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკა; კრიტიკული მხარდაჭერის სისტემებისა და ინოვაციური ინფრასტრუქტურების შექმნა – ძირითადი ერთობლივი ინფრასტრუქტურა და პოლიტიკის ინსტრუმენტები; განათლება და შესაძლებლობების შექმნა – გაძლიერებული მოქალაქეები და გაძლიერებული სამუშაო ძალა.