საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ქალაქ გორის მე-3 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც იაპონიის სრულუფლებიან ელჩთან იმამურა აკირასთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან ერთად სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსები საჩუქრად გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით, აქტიურად თანამშრომლობს UNICEF-თან. სწორედ აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა და იაპონურმა კომპანია „სარაიამ“ სამინისტროს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო დამცავი საშუალებები, რომლებსაც საქართველოს ყველა სკოლა დამატებითი მარაგის სახით მიიღებს.
ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს განათლების სფეროს ხელშეწყობისთვის და აღნიშნა, რომ UNICEF-ი სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც პანდემიის დაწყებიდან აქტიურად არის ჩართული სკოლებში ვირუსის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების პროცესში. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს ბავშვთა ფონდისა და სამინისტროს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრები კოვიდ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომლებშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, 3000-მდე მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებამდე სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღიჭურვა პანდემიის მართვისთვის საჭირო ყველა რესურსით. იაპონური კომპანია „სარაიას“ მიერ სამინისტროსთვის გადმოცემული 140 ტონა სადეზინფექციო ხსნარი დამატებითი მხარდაჭერაა დონორი ორგანიზაციის მხრიდან, რაც პანდემიის მართვის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.