ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა VI საერთაშორისო კონფერენციას „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ უმასპინძლა. კონფერენცია ონლაინ ფორმატში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა, კონფერენციის მონაწილეებს საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ სამეცნიერო საზოგადოება ქვეყნისათვის საჭირო და გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებულ მოხსენებებს წარმოადგენს.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები მსოფლიოს 13 ქვეყნიდან, ასევე უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები და დოქტორანტები. კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილი იქნება 16 სექცია და 100-მდე სამეცნიერო მოხსენება.
საერთაშორისო კონფერენციას „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენცია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.