პრეზიდენტის დავალებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, იმერეთის რეგიონის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ტყიბულში ჩავიდნენ და მეშახტეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სტუმრები დეტალურად გაეცნენ მეშახტეთა პრობლემებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იმერეთის მხარის გუბერნიის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო ფაკულტეტის ბაზაზე, რეგიონულ ცენტრს გახსნის: “პრეზიდენტის ინიციატივით, შეიქმნება სასწავლებელი, რომელიც დაეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში იმ მაღაროელებს, რომლებიც ეხლა მუშაობენ და განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული იმ ხალხზე, რომლებიც აქ მომავალში დაიწყებენ მუშაობას”-განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
სასწავლებელში ადგილობრივი მოსახლეობიდან მეშახტეები, მაღაროელები და ზოგადად სამთო-საინჟინრო მიმართულების კვალიფიციური კადრები მომზადდება.
სასწავლებელის კონკრეტულ ადგილმდებარეობასთან და სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება და როგორც დიმიტრი შაშკინმა განმარტა, პროგრამების შედგენისას აუცილებლად იქნება გათვალისწინებული მეშახტეების, მაღაროელებისა და სამთო მიმართულების სპეციალისტთა პრაქტიკული გამოცდილებები და მოსაზრებები.