საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა სამინისტროებსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის საქართველოს საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა და KfW-ს თბილისის ოფისის ენერგეტიკის სექტორის დირექტორმა ბოდო შმულინგმა.
მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი საქართველოში ენერგოეფექტურობის განვითარების დაფინანსებას ითვალისწინებს. კერძოდ, შეთანხმება ხელს შეუწყობს საჯარო შენობებში, მათ შორის, სკოლებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, განახლებასა და რეაბილიტაციას.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით 2022-2026 წლებში განახორციელებს.