საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის კონკურსის „პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ გამარჯვებული ახალგაზრდა წარმატებული მეცნიერები დააჯილდოვა, კონკურსში გამარჯვება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.
კონკურსის გამარჯვებული არიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 5 ახალგაზრდა მეცნიერი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით – ლია წვერავა (სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი); მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით – თამარ ცერცვაძე (ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი); ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით – ბესიკ დუნდუა (კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორი); საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით – ერეკლე პირველი (ეკონომიკის დოქტორი); სოციალური მეცნიერებების მიმართულებით – ვლადიმერ გამსახურდია (ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის დოქტორი).
მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდა მკვლევარებს მეცნიერების განვითარების კუთხით სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრის თქმით, დაგეგმილია მეცნიერების მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ევროპული მოდელის დანერგვა, კერძოდ, მაქს პლანკის ინსტიტუტების მოდელის გათვალისწინებით მოხდება სამეცნიერო დარგების კლასტერულად განვითარება, რაც განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელებას. მეცნიერების დაფინანსების ბიუჯეტი ყოველწლიურად გაიზრდება, ასევე მოხდება კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა.
შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტი მეცნიერების წახალისება და მათთვის კვლევისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაა. მიხეილ ჩხენკელმა ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს და ქართველ მკვლევართა ჯგუფებს კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადის მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით ისარგებლებენ, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდა მეცნიერთათვისაც.
მიხეილ ჩხენკელმა განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალგაზრდა მეცნიერებს საგანმანათლებლო სისტემის მთავარი მეგა-პროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიღწეული შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს. უნივერსიტეტის სწრაფად მზარდი რეიტინგი იმის დასტურია, რომ მისი განვითარება სწორი ხედვით მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო მნიშვნელობას, ერთი მხრივ, განაპირობებს ის აკადემიური პროგრამები, რომლებიც მსოფლიოს ლიდერ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით იქმნება და, მეორე მხრივ, ის, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ქართველებთან ერთად ჩართული არიან ცნობილი უცხოელი პროფესორებიც. გარდა ამისა, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მეცნიერების განვითარებას, რაშიც ადრონული თერაპიის ცენტრი დიდ წვლილს შეიტანს.
მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდებს აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შედეგებიც გაუზიარა და აცნობა, რომ ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერებმა ადრონული თერაპიის ცენტრთან თანამშრომლობის სურვილი და მზაობა გამოთქვეს. ისინი საქართველოში ჩამოვლენ და სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჩაერთვებიან.
მინისტრმა ახალგაზრდებს ჰარვარდში ქართველოლოგიის პროგრამის ამოქმედების შესახებ უამბო. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერებად და ცოდნის გამავრცელებლებად მოგვევლინებიან.
პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს, რომელიც 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია.
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ლექციას 2022 წლის თებერვლის თვეში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს. ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორის მიწვევით, პრემიერ-მინისტრი ლექციას ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაშიც წაიკითხავს.
ახალგაზრდა მეცნიერებმა მინისტრს საკუთარი სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს. შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჩხენკელმა ისინი სპეციალური პრიზებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ რუსთაველის ფონდის კონკურსის „პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება წარმატებული და გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის, აკადემიური კომპეტენციების ფარგლებში დარგის განვითარებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. პრემია ახალგაზრდა მეცნიერს მიენიჭება კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში მეცნიერებაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ.