საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა, რომელიც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია.
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მეცნიერების მხარდაჭერის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის დიდი პატივია, დღეს თქვენთან ერთად ვსტუმრობდე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს – უმდიდრესი ტრადიციის მქონე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით კერას. სოხუმის უნივერსიტეტს აქვს განსაკუთრებული მისია – საუნივერსიტეტო დიპლომატიის გზით მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში.
დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი მიზეზის გამო შევიკრიბეთ – საზეიმოდ გავხსენით Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი. მოგეხსენებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა – დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს.
მსურს სიხარულით გაცნობოთ, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის. შედეგად, 7 დეკემბერს ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერება ხელი საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-თან ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
Horizon Europe-ის პროგრამაში საქართველოს ასოცირება ახალი შესაძლებლობების კარს უხსნის ჩვენს მეცნიერებს, ინოვატორებს, უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შესაძლებლობებს ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენებთ“.
რაც შეეხება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაციას, ნაშრომში ევროკავშირის ახალ სამოქმედო პლატფორმაზე დაყრდნობით, გაანალიზებულია თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის როლი საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების რეგულირების პროცესში. ავტორი სიღრმისეულად განიხილავს საუნივერსიტეტო დიპლომატიას, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელოვან სახეობას. მიხეილ ჩხენკელმა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს ახალი წიგნის შექმნა მიულოცა და ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობა უსურვა.
აღსანიშნავია, რომ Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები უკვე მოეწყო საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, ზუგდიდისა და თელავის უნივერსიტეტებში. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საგრანტო ოფისი კი უკვე გაიხსნა. გარდა ამისა, განახლდა და გაძლიერდა Horizon Europe-ის ადგილობრივი საკონტაქტო პირების ქსელი მიმართულებების მიხედვით.
საგრანტო ოფისების ფუნქცია იქნება ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში. მნიშვნელოვანია, შეიქმნას და განხორციელდეს სამეცნიერო პროექტები ევროკავშირის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, რაც მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს.