ზოგადი განათლების საფეხურზე საქართველოსა და კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ კორეის ელჩთან საქართველოში ჩანგ დაესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კორეის ელჩს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მხარდაჭერის ახალი შესაძლებლობებისათვის. თავის მხრივ, კორეის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ისტორიის ახლად გრიფირებულ სახელმძღვანელოში ასახული ისტორიული ფაქტები კორეის შესახებ, რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს საქართველოს სკოლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების გაძლიერების თვალსაზრისით.
ეკატერინე დგებუაძემ ელჩს საშუალო საფეხურის კურიკულუმის ახალი კონცეფცია გააცნო, რომელიც დიფერენცირებულ მიდგომებს, მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ სწავლებას გულისხმობს. მინისტრის მოადგილის თქმით, იგეგმება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე პროფესიული პროგრამების ინტეგრირება. შეხვედრის მონაწილეებმა ამ მიმართულებით კორეული მხარის ჩართულობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, საქართველოში კორეის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.