სამშენებლო და ტურიზმის მიმართულებით კოლეჯ „ახალი ტალღისა“ და „ბლექსის“ დუალური პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულებისა და მათი დამსაქმებლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა დისტანციურად მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა.
თამარ ქიტიაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პროფესიულ კოლეჯებსა და დამსაქმებლებს კერძო სექტორიდან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პროფესიულ განათლებაში და სტუდენტებს საშუალებას აძლევენ, თეორიულთან ერთად პრაქტიკული ცოდნაც მიიღონ. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და მშენებლობისა და ტურიზმის ასოციაციებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დუალური პროგრამების განხორციელებაში.
სამშენებლო და ტურიზმის მიმართულებით დიპლომი 51 კურსდამთავრებულს გადაეცა. მადლობის სიგელით დაჯილდოვდა პროგრამაში ჩართული 18 კომპანია. დუალური პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: ანაგი, გზა, გზები, ჰილტონი ბათუმი, შერატონ ბათუმი, „კასტელო მარე“, რედისონ ბლუ ბათუმში და სხვა. კოლეჯებში „ახალი ტალღა“ და „ბლექსი“ დუალურ პროფესიულ პროგრამებზე კურსდამთავრებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 80%-ს წარმოადგენს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშენებლობისა და ტურიზმის მიმართულებით დუალური პროფესიული პროგრამების დანერგვას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და პროგრამასთან „პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ თანამშრომლობით 2016 წლიდან ახორციელებს.