გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი შემცირდა. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 169 სკოლა და ცალკეული 438 კლასი.
სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 116 მასწავლებელი.
სტაბილური ვითარება ნარჩუნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელთა 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.
ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,7%.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.