საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021 წლის“ რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და 2021 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლის დროს მინისტრმა პროფესიული განათლების განვითარებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ტრადიცია გრძელდება და წელს უკვე მეოთხედ ვავლენთ და ვაჯილდოებთ დარგში საუკეთესო სტუდენტს, მასწავლებელს, საგანმანათლებლო პროგრამასა და ბიზნეს პარტნიორს.
მივესალმები პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის გადადგმულ ამ მნიშვნელოვან ინიციატივას და მომავალშიც აუცილებლად განვაგრძობთ კონკურსის ხელშეწყობას.
ჩვენი საერთო მიზანია, რომ საზოგადოებამ მაქსიმალურად გამოიყენოს პროფესიული განათლების შესაძლებლობები და უპირატესობები, ჰქონდეს სრული ინფორმაცია პროფესიული განათლების სივრცეში შეთავაზებული შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამების, კვალიფიციური მასწავლებლების, თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურისა და, რაც მთავარია, დასაქმების სწრაფი შესაძლებლობების შესახებ. ამ მიმართულებით კონკურსი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებს.
ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გულითადი მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს მთავრობას და ამერიკელ ხალხს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისათვის.
როგორც მოგეხსენებათ, 2014-2019 წლებში აშშ-სა და საქართველოს მთავრობების სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად განხორციელდა მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, რომელიც ამერიკის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში გახლავთ დაფინანსებული.
დღეს ამ პროექტების შედეგებს ვიღებთ. მიღწევები არის შთამბეჭდავი და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. კომპაქტი საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული უმსხვილესი ინვესტიციაა, რომელმაც ხელი შეუწყო ადამიანური კაპიტალის განვითარებას და საქართველოში საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური STEM განათლების გაძლიერებას“.
მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2021 წლიდან საქართველომ შეძლო უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელის დანერგვა. კერძო-საჯარო პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მართავს დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება. მართვის აღნიშნული მოდელი უაღრესად დადებითად შეფასდა მრავალი საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარეობს მუშაობა პროფესიული განათლების ახალ სტრატეგიაზე. სტრატეგიის სამუშაო ვერსია უკვე შემუშავებულია დაინტერესებულ მხარეებთან ფართო კონსულტაციის საფუძველზე, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სისტემის ინტერნაციონალიზაციაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი სპეციალისტები, რაც საერთაშორისო სტანდარტის სწავლებას შეუწყობს ხელს. ასევე, გაგრძელდება ხელმისაწვდომობის ზრდა და ყველა მუნიციპალიტეტში შეთავაზებული იქნება ადგილობრივი მოთხოვნის შესაბამისი პროგრამები.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულები ხუთ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: პროფესიული განათლების სტუდენტი გახდა სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სტუდენტი მარიამ გვეტაძე, რომელიც დღეისათვის პირველი ქალია, ვინც ლოკომოტივის მართვის პროფესიას ეუფლება; 2021 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი კოლეჯ „მერმისის“ პედაგოგმა, ივანე ჩუტკერაშვილმა მოიპოვა; 2021 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, პროგრამით – გემბანის რიგითი მეზღვაური, ხოლო 2021 წლის პროფესიული მომზადების/გადამზადების კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა დისტრიბუტორთა ასოციაცია, პროგრამით – დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში. წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად კი ს.ს. „გუდვილი“ დასახელდა.
„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და ღონისძიების მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. ბოლო ორი წელია კონკურსზე სპეციალურ პრიზს აწესებს ისრაელის საელჩო საქართველოში. კონკურსის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
დაჯილდოების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ათასწლეულის ფონდის, ამერიკისა და ისრაელის საელჩოების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სფეროსა და ინდუსტრიის წარმომადგენლები.