საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ სტუდენტებს ონლაინ ფორმატში შეხვდა. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა შექმნილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროგრამა პირველია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, რომელიც პროფესიული განათლების სპეციალისტებს მოამზადებს. პროგრამა პროფესიული განათლების უახლეს მიდგომებზეა დაფუძნებული და ითვალისწინებს თანამშრომლობას გერმანიისა და სხვა წამყვანი ქვეყნების უნივერსიტეტებთან. პროგრამისთვის ქართულ ენაზეა ნათარგმნი შესაბამისი სასწავლო ლიტერატურა.
შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისათვის სათანადო კომპეტენციის მქონე სპეციალისტების არსებობისა და დარგში კვლევების ჩატარების მნიშვნელობაზე. სტუდენტების მხრიდან დადებითად შეფასდა მიმდინარე სასწავლო პროცესი და ხაზი გაესვა პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე აქტუალურ პროცესებში მათი უშუალო ჩართულობის აუცილებლობას.
პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა და GIZ-ის მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით.